სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევას სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვეეტაძემ არ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრა იყო ფარული და ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, ვინაიდან "ქართული ოცნების" მიერ არჩეული საბჭოს წევრები ერთობლივად მოქმედებენ, აქედან გამომდინარეა ეს ვარაუდი. ამასთან, ლევან მურუსიძე დღევანდელ კენჭისყრამდე აცხადებდა, რომ ნინო გვენეტაძისგან მხარდაჭერას არ ელოდა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მურუსიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით გასულმა წევრებმა ვახტანგ თოდრიამ, ევა გოცირიძემ და კახა სოფრომაძემ. ასევე მურუსიძეს ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე შვიდმა წევრმა, ხოლო მერვეს თავად ლევან მურუსიძეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გოცირიძემ, თოდრიამ და სოფრომაძემ შეასრულეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ე.წ. შუშის სასახლეში ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მიღებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გრძელდება, ისინი მოითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას. მათი განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.