იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, დაპირისპირების მიზეზი აქციის მონაწილეების მოთხოვნა გახდა, რომ დღევანდელ კენჭისყრას დასწრებოდნენ.
ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატურებმა და საპატრულო პოლიციამ, რომლებიც შენობის შესასვლელში არიან განლაგებულნი მიიღეს გადაწყვეტილება და აქციის მონაწილეთაგან ერთ პირს, ირაკლი კაკაბაძეს მისცეს სხდომაზე დასწრების საშუალება. აქცია გრძელდება და მისი მონაწილეები ლევან მურუსიძის კანდიდატურას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გირგვლიანის, მოლაშვილისა და სხვა საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო ლევან მურუსიძეს მოსამართლეობის უფლება არ აქვს. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ლევან მურუსიძეს დღეს მოსამართლედ აირჩევენ, აქციას გააგრძელებენ.