დღეს გახდება ცნობილი დაუჭერს თუ არა მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საბოლოო ეტაპი, კენჭისყრა გაიმართება, სწორედ 25 დეკემბერს გაიმართება. საერთო სასამართლოების მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობის დაკავების მსურველი 100-ზე მეტი კანდიდატია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ის ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა 2016 წლის აპრილში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში თუ მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩია, უზენაეს სასამართლოში ვადის ამოწურვის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასაც დაკარგავს. მურუსიძის მხრიდან კანდიდატურის წამოყენებას სამოქალაქო სექტორში დიდი გამოხმაურება მოყვა. თავდაპირველად განცხადება "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვიალმა გაავრცელა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მოუწოდა, მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. შემდეგ უკვე განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც გირგვლიანის, მოლაშვილისა და სხვა საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო მურუსიძე გააკრიტიკეს. მათვე აღნიშნეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მონაწილეობა ამ კონკურსში ინტერესთა კონფლიქტია. ლევან მურუსიძის კანდიდატურა გააკრიტიკეს პოლიტიკურ წრეებშიც. თავის მხრივ, მოსამართლეთა კორპუსი ლევან მურუსიძეს მხარდაჭერას უცხადებს. მათი შეფასებით, მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში გამწესების საკითხთან დაკავშირებით, იუტიციის უმაღლეს საბჭოზე ზეწოლა მიმდინარეობს. მოსამართლეებმა რიგით მე-15 კონფერენციაზე საბჭოს წევრებს მიმართეს, არ მოექცნენ ზეწოლისა და ზემოქმედების ქვეშ. მოსამართლეთა კონფერენციამ მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების თაობაზე, სპეციალური განცხადება მიიღო. თავად მურუსიძის თქმით, სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდა. მისივე შეფასებით, არსებული ვითარება ხელს არ შეუწყობს იმას, რაც ბოლო წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაკეთდა. მისივე თქმით, ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები მიმართულია მთლიანად სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და ისინი ყველა ერთად "დაირაზმნენ". მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია. ლევან მურუსიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე წევრები მხარს დაუჭერენ, ხოლო არამოსამართლე წევრებზე აცხადებს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. მურუსიძეს კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძეს მხარდაჭერის იმედი არ აქვს.