საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარიამ (მარო) მაყაშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის, ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
როგორც ოქროყანაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, 19 წლის მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება.
„პირველი ასეთი ქალბატონი, როელიც რამდენიმე დღის წინ დავაჯილდოვეთ, ირინა ენუქიძეა. ქალი, რომელმაც თავისი შვილის სიკვდილი და მის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენი შვილების დასაცავად გამოიყენა. ის არის მაგალითი ქართველი დედის, რომელიც არ შემოიფარგლა თავისი კერძო ტკივილით და ტრაგედიით, არამედ მთელს ქვეყანას ემსახურა. მეორე არის პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის 20-იან წლებში აქ დაიღუპა. გოგო, რომელსაც ჰქონდა ძალიან ნათელი იმედები მომავალი ცხოვრების, ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა იმაზე თუ როგორ წავა ევროიპაში, ფიქრობდა თავის როლზე საზოგადოებაში, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - საქართველოს, მისი ქვეყნის თავისუფლება, რომლის დათმობის ფონზე არაფერი ეს შესაძლებელი აღარ ხდებოდა. მარო მაყაშვილი, რომელიც აქ დაიღუპა 19 წლის, იმ იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და დამუკიდებელი, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, დაღუპული იუნკრებისა და მარო მაყაშვილის შთამომავლებს, ქართულ ჯარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძეს და ყველა ქართველ ქალს.
„მე მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვინც აქ ბრძანდებით, ვინც იზიარებთ ამ ემოციას, რომ მთავარი ღირებულებები ჩვენთვის არის უზენაესი, მათ შესაძლოა შევწიროთ ჩვენი სიცოცხლე, შესაძლოა ყველამ ვერ შევძლოთ ეს, მაგრამ ამით ვერთიანდებით. მე მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონი მაროს შთამომავლებს, რომლებიც აქ ესწრებიან; მე მინდა მადლობა ვუთხრა დამსწრე საზოგადოებას, იუნკრების შთამომავლებს, ვინც აქ ესწრებიან; მე მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ ჯარს; მე მინდა მადლობა ვუთხრა ანა დოლიძეს, რომელისგანაც მოდის ეს იდეა; მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ქართველ ქალბატონს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლის გარანტი, აქედან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის აღმოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის, წითელი ჯვრის მოწყალების დას,მარიამ მაყაშვილს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება და გადაეცეს ეროვნული გმირის ორდენი გარდაცვალების შემდეგ“,- განაცხადა მარგველაშვილმა ოქროყანაში გამართულ ღონისძიებაზე.