რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, თუმცა საქართველო გარკვეულ პირობებს აყენებს.
კარასინი აღნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენისთვის საქართველო რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების გაუქმებას ითხოვს.
„დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც სამხედრო აგრესია განახორციელა სამხრეთ ოსეთში. რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილენა. ჩვენ ამ რეჟიმში ვცხოვრობთ. ინიციატივა საქართველოს წინა ხელისუფლებას ეკუთვნის. რაც შეგვეხება ჩვენ, მზად ვართ ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ საქართველო პირობას აყენებს, რომ რუსეთმა დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო პროცედურები 23 დეკემბრიდან გამარტივდა.