იმის გათვალისწინებით, რომ პირნათელი ვარ ჩემი სამშობლოს და საქმის წინაშე, ძალიან მშვიდად და მართლად ვგრძნობ თავს, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან წუხს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა.
დუმბაძის განცხადებით, ვერ იტყვის, იქნება თუ არა თავად ახალ მინისტრთა კაბინეტში.
"იმის გათვალისწინებით, რომ ვარ პირნათელი ჩემი სამშობლოს და საქმის წინაშე, ძალიან მშვიდად და მართლად ვგრძნობ თავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. მინდა ყველას ვუთხრა, შევინარჩუნოთ აბსოლუტური სიმშვიდე, რამდენიმე დღეში გაირკვევა ახალი მინისტრთა კაბინეტი. კანდიდატებს შორის დასახელებულია ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. აბსოლუტურად მისაღებია, ის არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი პროფესიონალი. ვფიქრობ, იქნება ღირსეული ხალხი, რომლებიც გააგრძელებენ წამოწყებულ რეფორმებს და საქმეს. მე ვერ გეტყვით, ვიქნები თუ არა. შინაგანი გაწონასწორებული გრძნობა მაქვს, რომ ჩემი საქმის, სამშობლოს მიმართ ვარ პირნათელი და მშვიდი" , - განაცხადა გელა დუმბაძემ.