"საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელ დირექტორ, ვანო მაჭავარიანის მტკიცებით, "საქართველოს განვითარების ფონდი" მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა.
როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ფონდის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა, მისი მთავარი მიზანია საზოგადოების დაბრუნება იმ საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
ჟურნალისტების კითხვა, გეგმავს თუ არა ფონდი პოლიტიკურ მოღვაწეობას, ან კონსულტაციებს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, მაჭავარიანმა უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ახლა მთავარია საზოგადოებრივი ორგანიზაციის პლატფორმის შექმნა... არ გამოვრიცხავთ არავისთან საუბარს".
რაც შეეხება ფონდის შიდა პოლიტიკის და უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელ ხათუნა ლაგაზიძეს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი მოქმედებს საზოგადოებრივი ფონდის ფორმატში.
"ჩვენი მიზნები გახლავთ საქართველოს განვითარების ახალი ხედვების ჩამოყალიბება, ამ მიზნით საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება, მათ შორის ახალგაზრდა თაობის ჩართულობა და ჩვენი ერთ-ერთი სოციალური პასუხისმგებლობა არის სწორედ ახალი თაობის შემოყვანა ამ სივრცეში. გარდა ამისა, ჩვენ მოვიცავთ მთელ საქართველოს, გავალთ ყველა მუნიციპალიტეტსა და რაიონში. მოვუსმენთ მოსახლეობას და მათგან მივიღებთ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის გზებს. ეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მობილიზება და საზოგადოებას ექნება საშუალება თავად დადოს საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზები", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
დღეს "საქართველოს განვითარების ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა.