ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურამ უნდა გაამართლოს, - ამის შესახებ არეშიძემ ჟურნალისტებს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის კომენტირებისას განუცხადა.
"ბევრმა ჩემმა კოლეგამ, მათ შორის, მეც ჯერ კიდევ ოქტომბერში ვიწინასწარმეტყველეთ ის, რომ ეს ამბავი მოხდებოდა. არჩევნების წინ აუცილებლად შეიცვლებოდა ხელისუფლება, თუნდაც იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" თავისი დავარდნილი რეიტინგი გამოესწორებინა. ეს ერთგვარი პიარსვლა არის და ამას აკეთებს ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ მოხდა მაინც და მაინც ასე უცებ, ისე, რომ უმრავლესობის ბევრმა წევრმა არ იცოდა ამის თაობაზე", - განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტი ამტკიცებს, უმრავლესობიდან სულ მცირე ხუთი ადამიანი იცის, რომლებმაც ეს ამბავი იცოდა.
არეშიძის თქმით, რასაკვირველია, მთლიანად პოლიტიკური ელიტა საქმის კურსში ნამდვილად არ იყო.
"რატომ მაინცდამაინც 23-ში მოხდა ეს ამბავი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ის, რომ მმართველ ძალაში ცვლილებები იქნებოდა, ყველამ ვიცოდით, ჟურნალისტებმა, ხელისუფლებამ, საზოგადოებამაც და ასე მოხდა კიდეც. ახლა დასადგენია, რაღა მაინცდამაინც ამ დღეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, ვინ იქნება პრემიერი, მე ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილი არის ყველაზე უკეთესი კანდიდატურა ამ ჩამონათვალში, რადგან მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება მიღებული. მართალია, მას არ აქვს ხანგრძლივი გამოცდილება იმ ოთხეულში, რომელიც დასახელდა და ასევე მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკო ითვლება საუკეთესო მენეჯერად, რომელმაც გრანდიოზული პროექტი განახორციელა, მაინც ვთვლი, რომ გამოცდილებით, სპექტრის თვალსაზრისით, კვირიკაშვილს ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს და აქედან გამომდინარე, ამ კანდიდატურამ უნდა გაამართლოს. ყოველ შემთხვევაში, ჩამოთვლილთაგან მაინც, რომელიც უკვე დასახელდა", - აღნიშნა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.