პრემიერ-მინისტრების წასვლის შეფასება ხდება მაშინ, როდესაც ისინი რეალური პრემიერ-მინისტრები არიან, - ამის შესახებ "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" წევრმა პავლე კუბლაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლას თან ბევრი უცნაურობა ახლდა.
"ჩვენი პრემიერ-მინისტრი მართლაც საოცრად წავიდა. მრავალჯერ გადადებული ბრიფინგების შემდეგ, ჟურნალისტებთან დამშვიდობების გარეშე. ბევრი უცნაურობა ახლდა მის წასვლას თან და ეს ბუნებრივიც არის. პრემიერ-მინისტრების წასვლის შეფასება ხდება მაშინ, როდესაც ისინი რეალური პრემიერ-მინისტრები არიან. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, ეს რეალობაა საქართველოში, მის მიერ არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და აქედან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როდის მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვლს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, ყველა გადაწყვეტილება, რაც მასთან იყო დაკავშირებული - შს მინისტრობა, პრემიერ-მინისტრობა, მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ არის, რომ ქვეყანაში რეალურად არაფერი შეიცვლება", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი კარგად ხედავს სურათს, რომელიც არის მძიმე. "რაც არ უნდა ილაპარაკოს ღარიბაშვილმა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, ეს ყველაფერი ხომ ტყუილია, თითოეული ჩვენგანი ხომ ხედავს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია. "ქართულ ოცნებას" სჭირდება რეალურად რაღაცის შეცვლა, მაგრამ ეს რაღაცის შეცვლა უნდა დაიწყოს იმით, რომ ყველაფერი უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ. ყველამ უნდა იცოდეს, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმალური ძალაუფლება აქვს მას, რატომ იღებს ამ თუ იმ გადაწყვეტილებას. დღეს ყველას კონკრეტული კითხვის ნიშნები დაგვრჩა ირაკლი ღარიბაშვილთან", - განაცხადა კუბლაშვილმა.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" წევრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოტივაციაა განაახლოს გუნდი და ის სახეები, რომლებიც წინა პლანზე არიან, რათა საზოგადოებაში დამოკიდებულება და განწყობები შეცვალოს.