დამრჩა შთაბეჭდილება, რამდენიმე ადამიანის გარდა, არავინ იცოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას აპირებდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით, როგორც უმრავლესობის, ასევე მინისტრთა კაბინეტის განცხადებებს, რომ ეს იყო ჭორი. ეს კიდევ ერთხელ გულისხმობს არასერიოზულობას. მე კიდევ ერთხელ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, სად იმყოფებიან, ან რატომ არიან ამ ვითარებაში, ამ სტატუსებს რატომ ატარებენ, იმიტომ, რომ არავინ არის საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის უმაღლესი პირი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური წასვლას აპირებს. ეს კიდევ ერთხელ გულისხმობს, რომ ეს გუნდი არ არის", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით არ არის ერთიანობა. "რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მისი ე.წ. წარმატებული ანგარიში, როგორ განავითარა ქვეყანა და დღეს უკვე აღმოჩნდა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. როგორც მოქალაქე, ვარ ცოტა გაოგნებული, რასთან გვაქვს საქმე. ვისთან გადაწყდა ეს საკითხები. ქვეყანაში სახეზეა არაფორმალური მმართველობა", - განაცხადა აბაშიძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს საკითხები ბიძინა ივანიშვილთან იქნებოდა გავლილი და გადაწყვეტილება იქ იქნებოდა მიღებული.