ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ქვეყნის მართვას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელებენ

ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ქვეყნის მართვას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელებენ

ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები გააგრძელებენ ქვეყნის მართვას, ვიდრე საქართველოს პარლამენტი ახალ მთავრობას არ შექმნის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა და პროცედურები განმარტა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მოწმე გავხდით.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად კოალიცია "ქართული ოცნების" გუნდი უკვე 4 წელია ერთად ვიბრძვით, ვშრომობთ და ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. მე მინდა, პირველ როგში, მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის, საქმისთვის და პატივი ვცე მის თავისუფალ გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, როგორც მან თავად განაცხადა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომ, მთავრობა გადამგდარად ითვლება. "ამასთანავე, ეს არის საქვეყნო საქმეები, პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში კონსტიტუციის სრული შესაბამისობით. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომ, მთავრობა გადამგდარად ითვლება. ამასობაში საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს, ავალებს, რომ მან მოვალეობის შესრულება დააკისროს ამავე მთავრობას, ამავე პრემიერ-მინისტრს, ამავე მინისტრებს. ასე რომ თუ უკვე არ გამოქვეყნებულა, ცოტა ხანში იქნება პრეზიდენტის აქტი ამის თაობაზე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები - მინისტრები გააგრძელებენ ქვეყნის მართვას. მათ ჰქონდათ და აქვთ საქართველოს პარლამენტის ნდობა და ექნებათ მანამ, ვიდრე საქართველოს პარლამენტი ახალ მთავრობას არ შექმნის. ასე რომ, ქვეყანა იმართება, ქვეყანაში პროცესები წარიმართება სტაბილურად, შეუფარხებლად. ყველა მინისტრი, ყველა თანამდებობის პირი გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში", - განაცხადა უსუფაშვილმა.