"მე ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი ოცნება არის და იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის უკვე ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, ის ტოვებს თანამდებობას, თუმცა სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად რჩება.

"ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო, ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ხალხით. ამიტომ, მე დღეს ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი, ამაყი ერის მფარველი",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 20 ნოემბრის განკარგულებით დაინიშნა. ღარიბაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა, მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც იწვევს. თუმცა პრეზიდენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას.

ასევე კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. თავის მხრივ პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. იმისთვის რომ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადოს, საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ნდობის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი 2 დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო ასევე 2 დღის ვადაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.