ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე უნდა აკეთოს.
ამისთვის კი, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, როგორც დროული მოსვლა, ისე თანამდებობიდან დროული წასვლაა აუცილებელი.
"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, მე ვიტყოდი უპრეცენდენტო ნაბიჯი, და მისი პოპულარობისა და გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით, დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა, თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად, ხელისუფლებაში ყოფნა, არასდროს ყოფილა თვითმიზანი. ჩემთვის უბრალოდ არის ეს საშუალება, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. პოლიტიკური კულტურის დამკვირდება დაიწყო სწორედ ჩვენმა გუნდმა, ვინაიდან ჩვენ კიდევ ახლგაზრდა დემოკრატია გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ამ ქვეყნად მარადიული მხოლოდ უფალი და სამშობლოა, ამიტომ, როცა ქვეყანაში ასე თუ ისე, სიტუაცია დალაგებულია, გადაწყვიტა თანამდებობა დაეტოვებინა.
"თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობები, მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.