ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი, რომელიც ერევანში გაფორმდა, საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას ითვალისწინებს, რაც ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფ რეაგირებას, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი ასევე შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებასა და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. კახა კალაძემ და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.