პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს დეპუტატს, შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს "მატყუარასა და ფლიდს უწოდებს".
ეკა ბესელია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გახმოვანებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მან ალეკო ელისაშვილს ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.
"მე პირადად არ ვპასუხობ მატყუარა და ფლიდ ელისაშვილს. მე ახლა საზოგადოებას ველაპარაკები. რაც შეეხება მატყუარა ელისაშვილს, მე მას პირდაპირ ეთერში ნებისმიერ ტელევიზიაში, არ ვაკეთებ არჩევნს კონკრეტულ მედიასაშუალებაზე, დავუჯდები. პირდაპირ ეთერში ვითხოვ, რომ ჩემთან ერთად დაჯდეს და ჩემთან ერთად გაიმეოროს ის სიცრუა, რაც მან გუშინ განაცხადა. მინდა საზოგადოებას ვუთხარა, რომ ის შეცდომაში შეყვანილი არ არის, ის გამიზნულად, განზრახ იტყუება და გამიზნულად აკეთებს ამ ცილისწამებლურ განცხადებებს. ამის დამადასტურებელია ის, რაც მან გუშინ თქვა, რომ თითქოს მას კონკრეტულად მხოლოდ ერთ საქმეზე დაჟინებით სთხოვდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ პირთა შეწყალებას", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მხოლოდ შეწყალების კომისიაშია 2122 განცხადებაა გაგზავნილი, მათ შორისაა, შუამდგომლობები, რეკომენდაციები, პირდაპირ გადაგზავნილი წერილები
"მე საზოგადოებისთვის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. წამოგიღეთ იმ განცხადებების ნაწილი, რაც კომიტეტის მიერ შეწყალების კომისიაშია გაგზავნილი. ჩვენ 2122 განცხადება გვაქვს გაგზავნილი მხოლოდ შეწყალების კომისიაში. მათ შორისაა, შუამდგომლობები, რეკომენდაციები, პირდაპირ გადაგზავნილი წერილები. 2122-ვე პატიმარს, ვინც ჩვენ მოგვამართა, დიახ, არც ერთი რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია", - განაცხადა ბესელიამ.
რაც შეეხება ე.წ. კოკაინის საქმეს, ბესელიას მტკიცებით, ამ კონკრეტულ საქმეზე მას ალეკო ელისაშვილთან არანაირი კომუნიკაცია არც ტელეფონით, არც პირადად არ ჰქონია.
"რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, არანაირი კომუნიკაცია არც ტელეფონით, არც შMშ-ით, არც პირადად, არანაირი ფორმით და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ბატონ ელისაშვილთან არ მქონია. არც ამ კონკრეტულ და არც სხვა კონკრეტულ საქმეეზე მე მასთან პირადად არ მისაუბრია. მე მასთან კომუნიკაცია პირადად არ მქონია. კომისიასთან ამ ფორმით ვხელმძღვანელობდი როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარე და ეს არის წერილები, რომელიც გაგზავნილია შეწყალების კომისიაში. როცა მას გუშინ ვუსმენდი და განსაკუთრებით მაშინ როცა მან უარი თქვა, ჩემთან პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობაზე, უკვე ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ის რა თქმა უნდა, შეგნებულად ცრუობს და მას აქვს გააზრებული, რატომ აკეთებს ამას, მაგრამ თუკი ის ვერ ხვდება, რომ ცრუობს, მაშინ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს გამოძიებამ და უბრალოდ ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა გადაამოწმოს. მე როგორც იურისტს, სამართლებრივ ენაზე სხვა ახსნა არ მაქვს", - განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელია მოუწოდებს ალეკო ელისაშვილს, რომ მასთან პირადი კომუნიკაციის თუნდაც ერთი ფაქტი წარმოადგინოს.
"ამ კონკრეტულ საქმეზე, როდესაც ის ატყუებს საზოგადოებას და ეუბნება, რომ მე და მანანა კობახიძე მას დაჟინებით ვთხოვდით, ჩემი მასთან პირადი კომუნიკაციის თუნდაც ერთადერთი კონკრეტული ფაქტი დაასახელოს და კონკრეტული მტკიცებულება დადოს, თუნდაც ერთხელ თუ იყო რაიმე ფორმის კომუნიკაცია, გარდა კომიტეტის სახელით გაგზავნილი წერილებისა, რომელსაც ყველგან ვაგზავნით. ამ საქმეზეც არის შემოსული რამდენიმე განცხადება და საჩივარი ამ მსჯავრდებულების მხრიდან და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა განცხადება, ესენიც გადაგზავნილია სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის, შეწყალების კომისიაში, მაგრამ არა მის სახელზე", - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ პოლიტიკაში ასეთი მატყუარა და ფლიდი ადამიანები არ უნდა იყვნენ.