"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ლოგიკურია, რომ მთავრობა გადადგეს, თუმცა, დასძენს, რომ ამით ქვეყანა წინ ვერ წავა.
როგორც ბოკერია აცხადებს, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იღებს, ამიტომ, მისი თქმით, სწორედ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
"აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე პრემიერ-მინისტრი გადადგეს, რადგან სწორედ ამ მინისტრთა კაბინეტმა მიგვიყვანა უმძიმეს კრიზისამდე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ღარიბაშვილი არის უბრალო მარიონეტი, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ის არის ერთპიროვნული მმართველი. სწორედ მან შექმნა ის პოლიტიკა, რომელმაც ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა, ამიტომ ღარიბაშვილის გამოცვლა, მისი გადაყენება ვერაფერს სასიკეთოს ვერ მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ერთადერთი და აუცილებელი პირობა, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა დავიწყოთ, არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან", - განაცხადა ბოკერიამ
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს.