„მიგვაჩნია, რომ ირინა ენუქიძე გმირი იყო, თუმცა ორდენის მინიჭება სხვა დროსაც შეიძლებოდა“

„მიგვაჩნია, რომ ირინა ენუქიძე გმირი იყო, თუმცა ორდენის მინიჭება სხვა დროსაც შეიძლებოდა“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვება სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორც ლევან მურუსიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სასამართლო კორპუსი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უერთდება, თუმცა შესაძლებელი იყო, ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე მომხდარიყო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრას არ დამთხვეოდა.

მისივე განმარტებით, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მოხდა და სასამართლო გალანძღვის მსხვერპლი გახდა.

„მთლიანად ვუერთდებით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქალბატონ ირინა ენუქიძეს შესაბამისი ორდენი მიენიჭა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქალბატონი მართლაც გმირი იყო, რომელიც იმ უფლებებისთვის და კარგი ცხოვრებისთვის იბრძოდა, რაც გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს. ამ გადაწყვეტილებას სასამართლო კორპუსიც უერთდება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შეიძლებოდა ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო და არ მომხდარიყო აღნიშნული ფაქტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამთხვევა, რომ პარასკევს კენჭისყრა ხდება. აღნიშნულით მოხდა მთელი ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და რეალურად, სასამართლო კიდევ ერთხელ გახდა ლანძღვის მსხვერპლი. ამ ქალბატონის მიმართ წუხილს გამოვთქვამ და მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.