წმინდა სინოდმა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოხსენება მოისმინა, - ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.
ოქმის თანახმად, ილია მეორემ აღინიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები, ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს, როდესაც ავტოკეფალია აღდგა.
ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივე საზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ვცნობთ ჩვენც. ამასთან ამ საზღვრებში ჩვენი წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკიური ეპარქიების გაცოცხლება ტიტულოვანი მღვდელმთავრების სახით.
გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც.