აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 34 რუსული იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის სანქციები გამკაცრდა და ასევე, ახალი სანქციები დაწესდა.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯონ სმიტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულოს, რათა უზრუნველჰყოს უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.
გამკაცრებული სანქციების ჩამონათვალში მოხვდნენ რუსი ბიზნესმენები გენადი ტიმჩენკო, არკადი და ბორის როტენბერგები და ასევე კონცერნი „კალაშნიკოვი“.
გარდა ამისა, ახალი სანქციები დაწესდა ყირიმის კომპანიებისთვის - „ალტინის კინოსტუდია“, „მასსანდრა“ და „უნივერსალავია“.
ჩამონათვალში ასევე მოხვდა 14 ფიზიკური პირი, რომლებიც ცდილობდნენ არსებული სანქციებისგან თავის არიდებას, 6 სეპარატისტი, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ემუქრებოდნენ, 2 უკრაინელი ყოფილი ჩინოვნიკი, რომლებიც სახელმწიფო ქონების დატაცებაში და უკრაინის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნაში მონაწილეობდნენ. ასევე 12 კომპანია, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საქმიანობდნენ. სანქციები დაუწესდა რამდენიმე რუსული ბანკის შვილობილ კომპანიებს.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები ცხადყოფს აშშ-ს მკაფიო დამოკიდებულებას, რომ ისინი არ აღიარებენ ყირიმის ანექსიას და აპირებენ გააგრძელონ სანქციები, სანამ ყირიმის ოკუპაცია არ დასრულდება.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ სანქციებს გააფართოვებს იმ პირებისთვის, რომელთა მიმართებაშიც ევროკავშირს გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაეხანგრძლივებინათ.