თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებების ფარგლებში ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებისა და ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში “ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური ძალებისა და სუბიექტების დამოკიდებულებაზე presage.tv ყოფილ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს ესაუბრა. თქვენ ამჟამად “ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ხართ, თუ რა სტატუსი გაქვთ? სოზარ სუბარი: სტატუსი აუცილებელი ხომ არ არის?! უბრალოდ, “ქართულ ოცნებასთან“ ვარ და კონკრეტულად სად და როგორ ვიქნები, მომავალში გამოჩნდება. რა სტატუსით ესწრებოდით ბიძინა ივანიშვილისა და მურმან დუმბაძის შეხვედრას თქვენ და არა სხვა? - უბრალოდ, ბატონმა ბიძინამ მთხოვა მურმან დუმბაძეს დავხვედროდი, შემდეგ კი ბატონმა მურმანმა მთხოვა, შეხვედრაზე დავრჩენილიყავი და მეც დავრჩი. როგორია პირადად თქვენი პოზიცია, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით? - ყველა ის ძეგლი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის, იქნება ეს ოშკი, იშხანი, ხანძთა, ბანა, პარხალი, ოთხთა თუ მრავალი სხვა, ქართული კულტურის, საქართველოს ისტორიის უძვირფასესი საგანძურია და მათი გადარჩენა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა ფასს ვიხდით ამაში. პირდაპირ მიპასუხეთ - თქვენ, რომ ხელისუფლებაში იყოთ, ამ ხელშეკრულებას გააფორმებდით ისეთი ფორმით, როგორითაც ჩვენთვისაა ცნობილი? - პრობლემა სწორედ ის არის, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით, რა წერია იმ ხელშეკრულებაში. დაახლოებით ორი წლის წინ შვეიცარიაში რეფერენდუმი ჩატარდა იმაზე, მეჩეთის გვერდით აშენებულიყო თუ არა მინარეთი და საზოგადოებამ მის აშენებაზე უარი თქვა. ანუ შვეიცარიის ხელისუფლებამ გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების ზურგს უკან კი არ მიიღო გდაწყვეტილება, არამედ რეფერენდუმი ჩაატარა და ხალხს ჰკითხა აზრი. ამ რეფერენდუმის შედეგი სულაც არ მიმაჩნია სამაგალითო გადაწყვეტილებად, რადგან თუ ქვეყანაში გყავს რელიგიური ჯგუფი, რომელსაც საკუთარი საკულტო ნაგებობა სჭირდება, მისი აშენების საშუალებაც უნდა მიეცეთ, მაგრამ სამაგალითოა შვეიცარიის ხელისუფლების პოზიცია - ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს ხალხის აზრის გათვალისწინებით, ან სულაც ხალხს მიაღებინოს გადაწყვეტილება. შვეიცარიაში ამ საკულტო ნაგებობის აშენებას ადგილობრივები ითხოვდნენ თუ უცხო სახელმწიფოსთან ფორმდებოდა ხელშეკრულება? - ეს მოთხოვნა შვეიცარიაში მცხოვრებ მუსულმანებს ჰქონდათ და ვიმეორებ, რომ შედეგი არ მიმაჩნია სამაგალითო გადაწყვეტილებად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შვეიცარიის მაგალითი სხვა რამის გამო მოვიხმე - სახელმწიფომ გადაწყვეტილება ხალხის ზურგს უკან კი არ მიიღო, პირიქით - გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოება ჩართო. საქართველოში, შვეიცარიისგან განსხვავებით, მუსლიმი მრევლი დღეს და გუშინ არ ჩამოსულა და მათ რელიგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებას პრობლემები არ უნდა ექმნებოდეთ. თუმცა, ეს რომ ახალი მრევლი იყოს, მაინც იგივე სტანდარტით უნდა ვიმოქმედოთ. როცა სახალხო დამცველი ვიყავი, ამგვარ ხელოვნურ დაბრკოლებებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი და ხშირ შემთხვევაში დინების საწინააღმდეგოდ სიარული მიწევდა. მაგრამ, როდესაც ლაპარაკია ასეთი ტიპის მშენებლობაზე, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი, როგორც ქრისტიანების, ისე - მუსლიმების და, თუ გნებავთ, -ათეისტებისაც. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოზიცია ერთიანია - ძალიან მნიშვნელოვანია ოშკისა და სხვა ძეგლების გადარჩენა, მაგრამ როცა ამის სანაცვლოდ მეზობელი, თუნდაც - მეგობარი სახელმწიფო, რაიმე ახალ ნაგებობას აშენებს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რაზეა ლაპარაკი - რელიგიური დანიშნულების ნაგებობაზე, კულტურის ცენტრზე თუ რაიმე სხვაზე; რა მიზნით შენდება, რამდენად არის მისი მშენებლობა თუ ფუნქციონირება ქართული საზოგადოების ინტერესებში და, ბოლოს და ბოლოს, არც ისაა მეორეხარისხოვანი ამოცანა, ვის სახელს ატარებს ეს მომავალი ნაგებობა. ანუ თქვენ პრობლემას ხედავთ, როგორც რელიგიური დატვირთის მქონე შენობის აშენებაში, ისე მეჩეთის ფორმის კულტურის ცენტრის გახსნაში? - თუ ლაპარაკია კულტურულ ცენტრზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება, ეს უნდა ააშენოს საქართველოს სახელმწიფომ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. თუ ლაპარაკია სამლოცველოზე, რომელიც სჭირდებათ ქართველ მუსლიმებს, ეს უნდა ააშენონ ქართველმა მორწმუნეებმა, რაშიც თითოეულ ჩვენთაგანს შეგვიძლია დავეხმაროთ. ეს საერთოდ არ არის ხელისუფლების საქმე. ხოლო თუ ლაპარაკია ისეთივე ისტორიული ძეგლის რესტავრაციაზე (და არა ახლის აშენებაზე), როგორიცაა ჩვენთვის ოშკი, იშხანი თუ სხვა, იქ შეიძლება ჩაერთოს თურქეთის სახელმწიფოც. საზოგადოების შეშფოთების საფუძველი სწორედ ისაა, რომ არავინ იცის, რა წერია ამ ხელშეკრულებაში, ან რა მიზანს ემსახურება ბათუმში დაგეგმილი მშენებლობა. შესაბამისად, მთავარი სწორედ ისაა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მკაფიო, ამომწურავი და დროული ინფორმაცია მოლაპარაკებების ნებისმიერ ეტაპზე და გადაწყვეტილებების მიღებაშიც საზოგადოება იყოს ჩართული. ბატონო სოზარ, გეგმავთ ხელისუფლებაში მოსვლას, “ქართულ ოცნებასთან“ ერთად? -“ქართული ოცნება“ გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლას და მეც იქ ვიქნები. როგორ მოიქცევით, თუ ამჟამინდელი ხელისუფლება თურქეთთან ხელშეკრულებას საზოგადოების ზურგს უკან გააფორმებს? - ამაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, სანამ არ ვნახავთ, რა წერია ხელშეკრულებაში. ახლა რაც შეეხება “ქართული ოცნების“ პოზიციას ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში - “ქართულ ოცნებაში“ ბევრი პოლიტიკური ძალა თუ პიროვნებაა შეკრებილი, რომელთაც შეიძლება ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ, მაგრამ ყველა ერთიანია უმთავრესში - ასეთი საკითხები ხალხის ზურგს უკან არ უნდა წყდებოდეს. სხვათა შორის, სწორედ ეს იყო ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილის და მურმან დუმბაძის საუბრის მთავარი პათოსიც, რომ ხელისუფლებისგან კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ ხელშეკრულების გაცნობა და ამ პროცესში საზოგადოების აზრის გათვალისწინება. როცა საზოგადოების ინფორმირებულობასა და ჩართულობაზე ვლაპარაკობ, ბუნებრივია, უპირველესად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ვგულისხმობ, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარეა, რადგან ეს ხელშეკრულება ეხება ქართული სულიერი კულტურის, ქართული მართლმადიდებლური კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს; იმ ძეგლებს, საიდანაც დაიწყო საქართველოს სახელმწიფოს აღორძინება, ქართული რენესანსი. როგორ და რა ფორმით წარმოგიდგენიათ ხალხის აზრის გამოკვეთა? - ამისთვის ძალიან ბევრი გზა არსებობს - საჯარო განცხადებები, დისკუსია, ან თუნდაც იმავე შვეიცარიის მაგალითი. საზოგადობა ისედაც გამოხატავს თავის პოზიციას, სხვადასხვა ფორმით. აქციებიც იმართება, რაც აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. რამდენადაც ვიცი, მორიგი აქცია 30 მარტს იგეგმება. აქცია 31 მარტსაა დანიშნული და თქვენ მიიღებთ მასში მონაწილოებას? - პირადად მე ალბათ, არ ვიქნები, მაგრამ მასში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ “ქართულ ოცნებასთან“, ან მომავალში ითანამშრომლებენ და ეს სრულიად ნორმალური პროცესია.
|