სასამართლო მაგდა პაპიძისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასამართლო მაგდა პაპიძისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მიზეზებს განმარტავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათზე, სპეციფიკაზე და ბრალდებულის პიროვნებაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და რისკები.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ მაგდა პ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა, მათ შორის ერთის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელს 16-20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათზე, სპეციფიკაზე და ბრალდებულის პიროვნებაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და რისკები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულები), ასევე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.