ელისაშვილის თქმით, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ

ელისაშვილის თქმით, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, პარლამენტში, ე.წ. შეწყალების კომისის სკანდალთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც ელისაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტების შეწყალებასთან დაკავშირებით, დეპუტატები ეკა ბესელია და მანანა კობახიზე მას დაჟინებით და კატეგორიული ტონით მიმართავდნენ.

„მე არ ვაპირებ ჩემი ჩვენების გასაჯაროებას, მაგრამ 2 მიზეზის გამო - ერთი, რომ არის არნახული საზოგადოებრივი ინტერესი და მეორე, რომ უკვე პროკურატურის ნულოვანი ნდობა მაქვს, ვაზუსტებ, რომ დიახაც, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს ჰქონდათ ძალიან არაჯანსაღი, დაჟინებული და კატეგორიული ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტების შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ სხვა მსჯავრდებულების შეწყალება არ აინტერესებდათ, არადა ათასობით მსჯავრდებული იყო მაშინ საპატიმროში. ჩემგან მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების შეწყალებას ითხოვდნენ, დაჟინებით მირეკავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ, ძალიან კატეგორიული ტონით მესაუბრებოდნენ. გარდა ამისა, პარალელურად იყო ინფორმაციები, რომ ამ არაჯანსაღი დაინტერესების გადრა, იყო სხვა დაინტერესება და ანგარებაც იმალებოდა“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ყველა ის ადამიანი დაიკითხოს, რომელიც პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართავს, რათა გამოძების დასრულებამდე მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს. ელისაშვილი ასევე ითხოვს, რომ ეკა ბესელიას უფლებამოსულება საპროკურორო საბჭოში შეუჩერდეს.

„ამ ეტაპზე, ჩემთვის არსებითია, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მზად ვარ ვითანამშრომლო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პროკურატურაში დაიკითხა ამ კომისიის მიერ უნდა იყოს დაკითხული, ასევე რა დოკუმენტებიცაა პროკურატურაში წარდგენილი, წარვადგინოთ კომისიაში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.