საპატრიარქოსთან ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ახალგაზრდა მამაკაცმა, პაატა ხუციშვილმა მარჯვენა ხელზე ჭრილობები მიიყენა და რამდენიმე ადგილი დაისერა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ადგილზე ასევე იმყოფება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულს პირველადი დახმარება საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელმა აღმოუჩინა.
როგორც პაატა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი დღეს პატრიარქთან შეხვედრას ცდილობდა, რაშიც დაცვამ ხელი შეუშალა. ხუციშვილი აცხადებს, რომ დაცვის თანამშრომლებმა იგი "ხელის გადაგრეხით" გამოიყვანეს ტერიტორიიდან.
მისივე თქმით, ორი კვირაა ცდილობს პატრიარქთან შეხვედრას და მის ოჯახურ პრობლემაზე საუბარს. თუმცა დაცვის თანამშრომლები მას ამაში ხელს უშლიან.
ხუციშვილმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ თუ პატრიარქთან არ შეუშვებენ, საკუთარ თავს უფრო მეტ დაზიანებებს მიაყენებს.
ამ წუთებში პაატა ხუციშვილთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.