ირინა ენუქიძე რომ ცოცხალი იყოს, ლევან მურუსიძის მოსამართლედ კვლავ დანიშვნაზე საუბარი არ იქნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების შემდეგ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან სასიამოვნო დღეა და უერთდება პრეზიდენტის ძალიან კარგ იდეას.
"ირინა ენუქიძე მართლაც იქცა ქართველი დედის სიმბოლოდ, რომელმაც მართლაც რეჟიმი შეარყია. დიახ, სწორედ ირინას ბრძოლით დაიწყო ის, რომ დღეს აღარ ვართ იმ უბედურებაში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ირინა, რომ ცოცხალი იყოს, ბევრად ადრე იქნებოდა უსამართლობის დასასრული, ასევე არ იქნებოდა დღეს თუნდაც საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ისევ დაინიშნოს მურუსიძე მოსამართლედ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. არ იქნებოდა საუბარი არც იმ დანარჩენების დასჯაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დასჯილნი და რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სანდრო გირგვლიანის და ჩემი შვილის მკვლელობაში", - განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, დღეს მდგომარეობა არის ისეთი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ შეტევას ახორციელებენ მათზე.
"სამართალი ბოლომდე ჯერ ისევ არ არის მიღწეული", - აღნიშნა მეტრეველმა.