„მინდა მივმართო ბატონ ბიძინას, ლევან მურუსიძის არჩევა არ მოხდეს“

„მინდა მივმართო ბატონ ბიძინას, ლევან მურუსიძის არჩევა არ მოხდეს“

სანდრო გირგვლიანის მამის გურამ გირგვლიანის განცხადებით, როდესაც იუსტიციის საბჭო ლევან მურუსიძის მოსამართლეობის საკითხს განიხილავს, უნდა გაითვალისწინოს უკანონო განაჩენები, რომელიც მას გამოტანილი აქვს.

როგორც გურამ გირგვლიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის მიერ მისი მეუღლის, ირინა ენუქიძისთვის ჯილდოს გადაცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილის, რომლის სიტყვასაც იუსტიციის საბჭო აუცილებლად გაითვალისწინებს.

„მინდა მივმართო ბატონ ბიძინას, რომ ამ ადამიანის არჩევა არ მოხდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ადამიანს ეტყობა ძალიან დიდი ქომაგები ჰყავს ხელისუფლებაში და მის გაყვანას ცდილობენ. მურისიძეს მომხრეები ჰყავს როგორც ხელისუფლებაში, ასევე საბჭოშიც, სადაც ნახევარზე მეტი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან“, - განაცხადა გირგვლიანმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის, თვლის, რომ სიტყვა ეთქმის და ის, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრის პოზიციიდან გამოთქვამს ამ სურვილს.