გურამ გირგვლიანი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი, ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებს, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნოს.
სანდრო გირგვლიანის მამა მადლობას უხდის პრეზიდენტს მისი მეუღლის დაჯილდოებისთვის, თუმცა აცხადებს, რომ თუ სამართლიანობა ბოლომდე არ აღდგა, ირინა ენუქიძის ბრძოლაც და ორდენიც აზრს კარგავს.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამართალი სტრასბურგის სასამართლოში ვიპოვეთ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი ეძებს სამართალს. დღესაც არიან მოკალათებულნი ის პირები, რომლებიც კოჰაბიტაციიდან გამომდინარე, კიდევ მოხვდნენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და დღესაც უსამართლოდ იბრძვიან, რომ სამართლიანობა არ აღდგეს ბოლომდე. არსებობს ერთი ასეთი პიროვნება იუსტიციის საბჭოდან, ლევან მურუსიძე, რომელიც დღესაც უნამუსოდ იბრძვის, რომ კვლავ გახდეს ამ საბჭოს წევრი. როგორც ჩანს, მას ჰყავს თავისი მხარდამჭერები, ამფსონები, რომელსაც როგორც ჩანს, რაღაცის იმედი აქვს. რადგან ის ისე უნამუსოდ იქცევა, თითქოს ყველაფერში მართალია, არადა ის იყო სწორედ, ვინც განაჩენი გამოიტანა და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება, ხელისუფლება, არასამთავრობოები, ყველაფერს გააკეთებენ და ეს პიროვნება არ იქნება არჩეული ამ საბჭოს წევრად. მაგრამ თუ ეს მოხდება, გამოდის, რომ ირინა ენუქიძის ბრძოლას ფასი არ ჰქონია და ამ ორდენსაც არანაირი ფასი არ ექნება. მე მადლობელი ვარ, მაგრამ ყველაფერს თავისი აზრი უნდა ჰქონდეს საბოლოო ჯამში, თუ გვინდა, რომ სამართლიანობამ იზეიმოს საქართველოში. ეს იყო ირინა ენუქიძის მიზანი, რომ სამართლიანობა ყოფილიყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს“, - აღნიშნა გურამ გირგვლიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.