თურქული მხარის ინფორმაციით, სირიაში რუსულ ავიადარტყმებს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

თურქული მხარის ინფორმაციით, სირიაში რუსულ ავიადარტყმებს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში რუსული სამხედრო-საჰაერო ოპერაციის შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობა 600-ს აღემატება. როგორც თურქული მედია იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

"რუსული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობა უკვე 600-ს აღემატება. ზოგიერთი ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულია 800-მდე ადამიანი. გვსურს, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ აქედან 150-ზე მეტი - ბავშვია", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი ინფორმაციით, 20 დეკემბერს რუსული ავიადარტყმების შედეგად პროვინცია იდლიბში 200 სამოქალაქო პირი დაიღუპა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა თვითმფრინავებმა 4 000-მდე ავიადარტყმა განახორციელეს, აქედან 90%-ზე მეტი მიმართული იყო შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ებრძვის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებით, სირიაში რუსეთის ქმედებები "ისლამურ სახელმწიფოს" კიდევ უფრო აძლიერებს.