ჰელმანდში მდებარე სტრატეგიულ ქალაქ სანგინში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

ჰელმანდში მდებარე სტრატეგიულ ქალაქ სანგინში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰელმანდში მდებარე სტრატეგიულ ქალაქ სანგინში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ქალაქის უმეტესი ნაწილი რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" მებრძოლებმა დაიკავეს და მთავარ ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლი დაამყარეს.

აღნიშნული ინფორმაცია პროვინცია ჰელმანდის გუბერნატორის მოადგილემაც დაადასტურა. მისი ცნობით, რადიკალების ხელშია ადგილობრივი პოლიციის სამმართველო, ადმინისტრაცია და დაზვერვის სამსახურის შენობა.

ამჟამად სანგინში ავღანეთის სამხედრო ძალების დამატებითი ქვედანაყოფებია გაგზავნილი. "ასოშიეთედ პრესის" ცნობით, სამთავრობო ძალები მხოლოდ რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. ვრცელდება ინფორმაცია დიდ დანაკარგზე ავღანეთის ჯარის მხრიდან.

ქალაქში შექმნილი ვითარების გამო დიდმა ბრიტანეთმა ჰელმანდში სამხედრო კონტინგენტი გაგზავნა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო სპეციალისტები მრჩევლის სტატუსით ჩავიდნენ.

"ბიბისი" აღნიშნავს, რომ სანგინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც ჰელმანდის დედაქალაქს პროვინციის ჩრდილო რაიონებთან აკავშირებს.