სოხუმის რეჟიმი არ გამორიცხავს, რომ სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

სოხუმის რეჟიმი არ გამორიცხავს, რომ სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

სოხუმის მარიონეტული რეჟიმი არ გამორიცხავს, რომ მომავალში სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სააგენტო "სპუტნიკ-აბხაზია"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში სირიის ელჩთან, რიად ჰადადთან შეხვედრაზე მხარეებმა "თანამშრომლობის საკითხებსა და აფხაზეთში სირიელი აფხაზების რეპატრიაციაზე" ისაუბრეს.

"აღინიშნა ორივე მხარის დიდი დაინტერესება სირიულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცებისა და გაღრმავების კუთხით. გამოიწვევს თუ არა ეს, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის აღიარებას - ჩემი მოსაზრებით, ამაში შეუძლებელი არაფერია. თუმცა რა თქმა უნდა, ეს სირიული მხარის სუვერენული გადაწყვეტილებაა" , - განაცხადა ჩირიკბამ.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. "აფხაზეთის მოქალაქეები" "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდნენ. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.