"მომავალი წლიდან რუსეთთან მარტივი მიმოსვლა გვექნება"

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, რუსეთი სავიზო რეჟიმს სრულად გააუქმებს თუ გაამარტივებს საქართველოსთან.

აბაშიძის თქმით, დამატებითი ინფორმაცია ორი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

"მომავალი წლიდან მარტივი მიმოსვლა გვექნება რუსეთთან. მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, ჩვენ შევძელით შეხების წერტილების პოვნა. რუსეთი გეგმავს სავიზო რეჟიმის მოხსნას, ან გამარტივებას. დაახლოებით ერთ-ორ თვეში მეტი კონკრეტიკა გვექნება. სანაცლოდ არაფერი მოგვეთხოვება. ჩვენ რაც შეგვეძლო, წლებია გამარტივებულია ჩვენი მხრიდან", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება აფხაზეთის რკინგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხს, აბაშიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს თემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრებზე არ განიხილება.

"სამი წელია ამ შეკითხვას მისვამთ და გპასუხობთ. ახლაც ვიტყვი, რომ არ დასმულა აფხაზეთის რკინიგზის საკითხი და არც განიხილება", - განაცხადა აბაშიძემ.