"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო ენერგოდამოუკიდებელი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს"

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა.

როგორც კალაძემ საკრებულოში მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც უფრო მალე გახდება საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, მით უფრო ნაკლები გადასახადების გადახდა მოუწევს თითოეულ მოქალაქეს.

"დღეს მოვისმინეთ პრემიერის სამწლიანი ანგარიში, სადაც ძალიან ვრცლად იყო საუბარი ყველა იმ მიმართულებაზე, სადაც რეფორმები ხორციელდება. მე ვიტყოდი ენერგეტიკის სფეროზე, სადაც ბევრი ახალი რეფორმა ხორციელდება ქვეყნის ხვალიდნელი დღისთვის. ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, რადგან რამდენადაც უფრო მეტ ელექტროენერგიას შემოვიტანთ მეზობელი ქვეყნებიდან, ეს ცუდი იქნება. პირდაპირ აისახება თვითოეული ჩვენგანის, მოქალაქის ჯიბეზე. გვიწევს უფრო მეტი გადასახადების გადახდა, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა კალაძემ.