ავღანეთში თავდასხმის შედეგად 6 ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად 6 ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად 6 უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაშავდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ნატო-ზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დაღუპულთა ვინაობა არ დაუსახელებია. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მოტოციკლით თავი ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ბაგრამის ბაზასთან მაშინ აიფეთქა, როცა ტერიტორიის პატრულირებას ავღანეთისა და საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალები ერთობლივად ახორციელებდნენ.

დაღუპულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან.

როგორც ტელეკომპანია "ენბისი" იტყობინება, პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის რადიკალურმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.

კიდევ ერთი თავდასხმა ქაბულში განხორციელდა, რა დროსაც აშშ-ის მოქალაქეები დაიღუპნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ავღანეთში აშშ-ის საელჩომ დაადასტურა.