მჯერა, ჩვენი ხალხი ხედავს, რომ სწორი გზით მივდივართ ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისკენ

მჯერა, ჩვენი ხალხი ხედავს, რომ სწორი გზით მივდივართ ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისკენ

მჯერა, დღეს ჩვენი ხალხი ხედავს ახალ რეალობას, რომ სწორი გზით მივდივართ ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიზანი ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. „შრომის პროცესი არ არის სენსაცია, ის ყოველთვის არ ხვდება ტელევიზიებში და ხშირად, თვით შრომის შედეგებიც უცხოა ჩვენი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება და ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, რადგან ქართული საზოგადოება არ არის თანახმა, ილუზიებში იცხოვროს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მევენახეთა თუ მეცნიერების, ბიზნესმენების თუ საჯარო მოხელეების შრომა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიდევრულად ქმნის ახალ რეალობას, რომელშიც არ რჩება ადგილი ილუზიებისთვის.

 „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხის საკადრისი ხელისუფლება ვიყოთ. გვაქვს რწმენა და ენერგია, მომავლის მკაფიო ხედვა. ჩვენ გუნდს ამოძრავებს ერთადერთი ამბიცია - როდესაც წლების შემდეგ ჩვენს საქმეებს გაიხსენებენ, თქვან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ დიდი ნდობისა და პატივის გასამართლებლად, ჩვენი ნიჭიერი, ღირსეული და ამაყი ხალხის თავდაუზოგავი მსახურებისთვის. ჩვენ ყველა ერთად - ერთი დიდი ოჯახი ვართ, და ამ ოჯახში ვერავინ იქნება ბედნიერი, სანამ სხვას უჭირს, სანამ ერთი ადამიანი მაინც არის დაუცველი, ან შევიწროებული... მერწმუნეთ - ჩემი და ჩემი გუნდის უმთავრესი საზრუნავი სწორედ ასეთი ადამიანები არიან. ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა, ჩვენი საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თანადგომისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს და უცხოელ მეგობრებს, რომლებიც საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, განუწყვეტლივ მხარს უჭერენ. სამწლიანი ანგარიში მთავრობის მეთაურმა ქართველი ხალხისადმი განსაკუთრებული მადლიერებით დაასრულა.

„განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი - თითოეული მასწავლებელი თუ ჯარისკაცი, ექიმი თუ მაღაროელი, მეწარმე თუ ხელოვანი, ვეტერანი თუ სტუდენტი - ყველა, ვინც ზოგჯერ ურთულეს პირობებში ყოველდღიური შრომით, სწავლითა თუ ბრძოლით აძლიერებს საკუთარ ოჯახს, საზოგადოებას, ქვეყანას. მხოლოდ ეს ძალისხმევა მიგვაახლოებს ჩვენი წინაპრების ოცნებას, ჩვენს საერთო მიზანს - ერთიან, ძლიერ, განვითარებულ, მშვიდობისა და კეთილდღეობის საქართველოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.