პრემიერი მადლობას უხდის ქართველ ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მსახურობენ

პრემიერი მადლობას უხდის ქართველ ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მსახურობენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრა.

 პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეთა უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო თავდაცვისუნარიანობაზე არ არის დამოკიდებული. სხვადასხვა სახის კრიზისული სიტუაციებისას სწრაფი და კოორდინირებული მუშაობისთვის კი, პრემიერის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შეიქმნა.

 „უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას დაიწყებს ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული ეროვნული „სიტუაციური ოთახი“. იგი აღჭურვილია ყველა შესაბამისი მოწყობილობით, რომელიც საჭიროა კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვისთვის ერთი ადგილიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოება მსოფლიო მშვიდობისაგან განუყოფელია და სწორედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მსოფლიოს, და შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოებას იცავენ, ასევე პატივი მიაგო საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირი მებრძოლების ხსოვნას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ინტენსიურად გრძელდება სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების, დაჭრილ ჯარისკაცთა და საომარი მოქმედებისას გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების მხარდაჭერა. „საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია გახდა 100 ათასი ლარი, ხოლო ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ნაცლად - 1000 ლარი. ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილია ბინით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა იმ პროგრესზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის გზაზე აქვს და აღნიშნა, რომ ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს; ნატო-საქართველოს კომისიის შეფასებით, გეგმის შესაბამისად სრულდება ნატოს წლიური ეროვნული პროგრამაც.