პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება ჩვენთვის შეუცვლელი ფასეულობაა

პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება ჩვენთვის შეუცვლელი ფასეულობაა

დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ყველა ლეგიტიმური პოლიტიკური ორგანიზაციისა თუ ინტერესჯგუფისთვის კანონის ფარგლებში საქმიანობის სრულფასოვან პირობებს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური სივრციდან გამოირიცხა ხელისუფლების ძალადობა მოქალაქეთა მიმართ. „ყველამ, ვინც ბოროტად სარგებლობდა ძალაუფლებით თუ გავლენით, მით უფრო, მიმართავდა ძალადობას, წამებას, დევნას, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. მაგრამ პოლიტიკაში არის ადგილი ყველასთვის, ვინც უპირველეს ყოვლისა პატივს სცემს კანონს. დღეს არა მხოლოდ ხელისუფლება არ დევნის ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, არამედ ვქმნით სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს, რომ აღარავის გაუჩნდეს მსგავსი სურვილიც კი. პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება ჩვენთვის შეუცვლელი ფასეულობაა, რომელსაც ჩვენ განუხრელად დავიცავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ქალთა უფლებებზე და აღნიშნა, რომ ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად, საჭიროა ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა.