ირაკლი ღარიბაშვილი:   დემოკრატიის გაძლიერება არის პროცესი, რომელიც გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: დემოკრატიის გაძლიერება არის პროცესი, რომელიც გრძელდება

დემოკრატიის გაძლიერება არის პროცესი, რომელიც გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, წინა მთავრობის დროს ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანთა უფლებები, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა.

• საქართველოს დღეს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა სფეროში;

• მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით თვისობრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს;

• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიცვალა საქართველოს შრომის კოდექსი;

• შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, რომლის ეფექტიანი მუშაობა დადებითად არის შეფასებული ევროკავშირის ანგარიშში;

 • ამოქმედდა რეგიონში პირველი და სამაგალითო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

• შემუშავებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქების მერები პირდაპირი გზით აირჩევა;

 „მედია გათავისუფლებულია სახელისუფლებო კონტროლისგან და მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ. ამას ადასტურებს მსოფლიო რეიტინგები მედიის თავისუფლების კუთხით. არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისუფლების რუპორია“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა