საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშში ყურადღება კულტურის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს დაუთმო.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კულტურა საქართველოს უმთავრესი სავიზიტო ბარათია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ პირველად დაიწყო კულტურის სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამასთან, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი, რაც ქვეყანაში კინოწარმოებაზე გაწეული ხარჯების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
„სამი წლის განმავლობაში ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და კონსერვაციისთვის. რასაკვირველია, მათი პირვანდელი სახის მაქსიმალურად შენარჩუნებით. მუცო, ჩაჟაში, დართლო, სვანური კოშკები, ვარძია, გელათი, ატენის სიონი, ანჩისხატი - ეს ძეგლები მოვლა-პატრონობას საჭიროებს და დღეს მიმდინარეობს მათი აღდგენა. ვზრუნავთ ჩვენს ძეგლებზე უცხოეთშიც. სასიხარულოა, რომ მრავალწლიანი მოლაპარაკების შემდეგ იშხნის ტაძარის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტები ჩაერთნენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა დიასპორის როლზე და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების გაღრმავებას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა განაგრძობს ზრუნვას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში, განსაკუთრებით - სასკოლო ასაკის ბავშვებში ქართული ენის ცოდნის და ქართული ცნობიერების ამაღლებაზე და ამ მიზნით მომზადდა ქართული ენის სასწავლო პროგრამა თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის. მთავრობის მეთაური ლევილის მამულის გადმოცემის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყო შესაბამისი სახსრები ლევილის მამულის დასაბრუნებლად. პრემიერი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ლევილის მამული საქართველოსა და ქართველ ხალხს გადმოეცემა.