პრემიერმა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა

პრემიერმა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად დაასახელა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნა, რაც თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას გაზრდის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს წარმატებით დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი, გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

• მალე დაიწყება მდინარე ენგურის შენაკადზე ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის წლიური გამომუშავება 1 მილიარდ 200 მლნ კვტ/სთ, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულება - მილიარდი დოლარია;

• ექსპლოატაციაში შევიდა 10 ჰიდროელექტროსადგური;

• განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა 104 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს;

• დაიწყო მუშაობა ქარის სადგურების მშენებლობის პროექტზე;

• შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება;

• 2019 წლიდან დაახლოებით მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს საქართველო შეღავათიან ფასად მიიღებს;

• მიმდინარეობს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა;

• მიმდინარე წელს 76 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდება;

• 22 სოფელში, რომლებშიც ხალხი წლების განმავლობაში უშუქოდ ცხოვრობდა, ელექტროენერგიის შეყვანა დაიწყო, მათ შორის არის სოფელი მუცო; ენერგეტიკულ პროექტებზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა დეტალური განმარტება გააკეთა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ჰესების მშენებლობაზე კითხვები აქვთ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჰესების მშენებლობა აუცილებელია, თუმცა არც ერთი პროექტი არ ხორციელდება წინასწარი შესწავლის გარეშე.