ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილი: "აბრეშუმის გზის" პროექტი საქართველოს აქცევს მულტირეგიონულ ცენტრად

საქართველო ხდება „ახალი აბრეშუმის გზის“ საკვანძო ნაწილი, დამაკავშირებელი დერეფანი მსოფლიოს ორ უდიდეს ბაზარს - ჩინეთსა და ევროპას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, "აბრეშუმის გზის" ამოქმედებით საქართველო ისტორიულ მისიას იბრუნებს.

„ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელსაც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა. ერთი კვირის წინ თბილისში შემოვიდა პირველი ტრანზიტული მატარებელი, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს „აბრეშუმის რკინიგზა“, რომელიც ბევრად უფრო დააჩქარებს და გააიაფებს ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვებს, უკვე რეალობაა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აქამდე გადაზიდვა ძირითადად ზღვით ხდებოდა, რასაც საშუალოდ 40 დღე მიაქვს, დღეს კი შესაძლებელია, ტვირთი საქართველოში 8-10 დღეში მოხვდეს და შემდეგ, 3-5 დღეში - ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნოს. საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რგიონული ჰაბი და ვფიქრობ, "აბრეშუმის გზის" პროექტი საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩემი ვიზიტისას ჩინეთში საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩინეთი და საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლლობა ჩვენი მეწარმეებისთვის. ჩვენ გვეხსნება კიდევ ერთი უნიკალური, მილიარდ 400-მილიონიანი ბაზარი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის განსახორციელებლად ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია დაიხარჯება. მთავრობის მეთაური ანაკლიას „აბრეშუმის პორტს“ უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით ანაკლია, საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე, რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრი გახდება.