ბიზნესის წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულია 139 ახალი საწარმო
გაძლიერდა და გაფართოვდა 665 საწარმო, - მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის შექმნილ პროგრამებზე დეტალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გამოყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ქართული ინდუსტრიისა და წარმოების ხელშეწყობას, ადგილობრივი საწარმოების ამუშავებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ემსახურება. პრემიერის ინფორმაციით, პროგრამას დღეის მდგომარეობით 130 ბენეფიციარი ჰყავს; მოსალოდნელი ინვესტიციები 345 მილიონ ლარს აჭარბებს; ხოლო 3 წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში 6 700 -ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიას გურიის სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრები ექიმი გივი ნინიძის წარმატების ისტორია გააცნო, რომელმაც 2013 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და ოჯახური ტრადიციის, მეფუტკრეობის აღორძინება გადაწყვიტა. სახელმწიფოს დახმარებით, 30 000 დოლარის ინვესტიციით, მან ბიზნესი დაიწყო. „ბატონი გივის ისტორია სტიმულის მიმცემია სხვებისთვის. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის ხერხემალი, რაზეც უნდა იდგეს ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.