საქართველოში 2014 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ მილიარდ 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა

საქართველოში 2014 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ მილიარდ 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა

 საქართველოში 2014 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ მილიარდ 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2007 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ზრდის ტენდენცია ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებისა და წახალისების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა. ინვესტიციებისთვის მიმზიდველ დარგებად რჩება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის სწორ კურსზე საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები რეიტინგებში გაუმჯობესდა. მათ შორის, Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2015 წლის შეფასებით, საქართველომ მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 22-ე პოზიცია დაიკავა „უმეტესად თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსით, ხოლო ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის საქართველო მე-11 ადგილზე დაწინაურდა“,- განაცხადა პრემიერმა.