ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა

ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით ანგარიშზე საუბრით დაიწყო. მთავრობის მეთაურმა ეს ისტორიული მიღწევა ყველას კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოს ხელისუფლების მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა.

„დღეს ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა - ევროპა ხმამაღლა ცნობს ჩვენს წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლიდან, საქართველომ აირჩია განვითარების არსებითად ახალი გეზი - თანამედროვე ევროპული ტიპის, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცულობის, ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების ქვეყნის შენება.

„ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს თბილისის საკრებულოში, ამ წუთებში წარადგენს.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.