ბათუმში 14 ოქტომბერს, გვიან ღამით “სიყვარულის ქანდაკება“ დადგეს, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ. ქანდაკების ფოტოები და ინფორმაცია იმაზე, თუ რა დაჯდა ეს ლითონის კონსტრუქცია, პრესა.გე–ს “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით რობაქიძემ მოაწოდა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ქანდაკებისთვის მილიონნახევარი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან გადაირიცხა.
პრესა.გე–მ ეს ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარესთან, ეკატერინე თარგამაძესთან გადაამოწმა და როგორც აღმოჩნდა, “სიყვარულის ქანდაკება“ არა მილიონნახევარი არამედ, 2 მილიონ 703 600 ლარი დაჯდა.
დავით რობაქიძე: “ეს ეგრეთ წოდებული სიყვარულის ქანდაკება დადგეს ბათუმელებისთვის და არა მარტო მათთვის კარგად ნაცნობ ადგილას – ე.წ. პიშჩევიკების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის იახტ–კლუბთან. იქვე გათვალისწინებული იყო ე.წ. ფორტების – ძველებურ სტილში ციხე–სიმაგრის აშენება; ამ მშენებლობისთვის მილიონ ნახევარია გადარიცხული და სამი სართული აშენებული, მაგრამ დღეს მისი დანგრევა დაიწყეს.
სწორედ ამ ტერიტორიაზე დადგეს “სიყვარულის ქანდაკება“, რომელიც მოძრავია – ქალი და კაცი ზურგით დგანან და შემდეგ წრეზე მოძრაობას იწყებენ, ერთმანეთს უახლოვდებიან და ტუჩებში კოცნიან; რამდენიმე წუთი ასე ჩერდებიან და მერე მოძრაობას თავიდან იწყებენ. დარწმუნებული ვარ, ბატონი მიხეილი ვერტმფრენიდანაც და ბათუმში ყოფნის დროსაც, ამ ქანდაკების ყურებით დატკბება“.
დავით რობაქიძე ამბობს, რომ 15 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში მივიდა, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მაგრამ ინფორმაცია, ამ ქანდაკების ირგვლივ, საკრებულოს არც ერთ წევრს, მათ შორის, არც საფინანსო კომისიის ხელმძღვანელს არ ჰქონდა.
“ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით: ეს ქანდაკება ძვირადღირებული უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული და დაჯდა მილიონნახევარი; ამ ქანდაკებისთვის თანხა გათვალისწინებული იყო ძველი ბათუმის სარებილიტაციო პროგრამაში; დამზადებულია გერმანიაში. მინდოდა ეს ყველაფერი ოფიციალურად გადამემოწმებინა, მაგრამ, ამ ქანდაკების ირგვლივ ინფორმაცია საკრებულოს, არც წევრს არ ჰქონდა. საჯარო მოხელეები, რომლებიც კაბინეტებიდან არ გამოდიან, ახლა პრესა.გე–ს საშუალებით მიიღებენ ამ ინფორმაციას“, – ამბობს დავით რობაქიძე.
მისივე თქმით, ქანდაკება 5–6 მეტრი სიმაღლისაა, დაახლოებით მეტრნახევრიან პოსტამენტზე დგას, ღამით განათებულია და ბათუმის ნებისმიერი კუთხიდან და მწვანე კონცხის ბულვარიდანაც კარგად ჩანს. აჭარის მთავარი ლეიბორისტი ამ ქანდაკების დადგმას ასეთ შეფასებას აძლევს:
“ამას ჩვენს ენაზე გარყვნილების ქანდაკება ჰქვია. ეს არის იმ უმსგავსოების კიდევ ერთი სერიოზული გამოვლინება და იმის გაგრძელება, რისი დემონსტრირებაც ხელისუფლების მიერ მართული ცენტრალური ტელეარხებით ყოველდღიურად ხდება. დღეს ჩვენს ქვეყანაში გარყვნილების ზეიმია და რეკლამას გარყვნილებას უკეთებენ“.
საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, ეკატერინე თარგამაძემ, პრესა.გე–სთან საუბრისას, “სიყვარულის ქანდაკების“ ფინანსური მხარე ასე აღწერა:
“ამ ქანდაკებასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპანიებთან 3 ხელშეკრულებაა გაფორმებული; ერთი შეეხებოდა წინასწარ კვლევას, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაფორმდა; წინასწარი საინჟინრო კვლევა გერმანელემა გააკეთეს; მეორე ხელშეკრულება კომპანია “კრეატ ინტერნეიშენალ კავკასუსთან“ გაფორმდა და შემდეგ მოხდა ქანდაკების შეძენა–დამონტაჟება. ქანდაკება სად დამზადდა, ეს არ ვიცი. ახლა არასამუშაო საათებია, სამსახურიდან გამოსული ვარ; თუ ხვალ შემეხმიანებით, უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივად მოდის.
განკარგულებაში შეიძლება ეს მითითებული არ იყო, მაგრამ ტურისტული უბნების განვითარებისა და რეაბილიტაციის მიზნით ხდება ამ თანხების ხარჯვა.
ბათუმის ბიუჯეტში არის პროგრამა – ისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ. ეს პროგრამა ძირითადად ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით და ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა ამ ქანდაკების შეძენა. გეთანხმეით, რომ ეს არის სოლიდური თანხა – 2 703 600 ლარზეა გაფორმებული ქანდაკებასთან დაკავშირებული სამივე ხელშეკრულება“.