შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღევანდელი დღე ისტორიულია.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეს ევროპის გარდა სხვა თემებზე საუბარს არ აპირებს, მათ შორის, არც რუსეთზე.
„ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვას ისტორიულს. დღეს მართლაც ისტორიული დღეა და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს. ვულოცავ ქართველ ხალხს, ერს, მთელს ნაციას ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საქართველომ ევროპისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა. რუსეთზე დღეს, ამ წუთში არასერიოზული ლაპარაკია, როცა საუბარი გვაქვს ევროპაზე. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ. ამაზე ხვალ და ზეგ ვილაპარაკოთ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
ცნობისთვის, ევროკომისია "საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს.