საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველომ ასეთი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა.
„მე ამას გუშინვე გამოვეხმაურე. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში, ბარიერების გარეშე, უვიზოდ გადაადგილებას. ვფიქრობ, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა ეროვნული ინტერესების დასაცავად არის მიმართული. ყველაფერს, რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არის. არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.