„ევროკავშირის დასკვნა პოზიტიურია, ასე რომ, ყველას გილოცავთ“

„ევროკავშირის დასკვნა პოზიტიურია, ასე რომ, ყველას გილოცავთ“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს და მთავრობის წევრებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი პოზიტიური დასკვნა მიულოცა.

როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გუშინ მას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საუბარი ჰქონდა. პრემიერის ინფორმაციით, ევროკავშირის საბოლოო ანგარიში დღეს გამოქვეყნდება, სადაც საქართველოსთან მიმართებაში დასკვნა პოზიტიურია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გუშინ საღამოს ევროკავშირში მქონდა საუბარი. მინდა პირველად საზოგადოებას და თქვენ მოგილოცოთ. დღეს გამოქვეყნდება ევროკავშირის საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური დასკვნაა. ასე რომ, ყველას გილოცავთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო.

„ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებაში. ასე რომ, მე გუშინ საღამოს მომილოცეს და გილოცავთ ყველას. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, დაფასება. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ხალხის ნდობის დადასტურება“, - აღნიშნა პრემიერმა.