პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოშიც შეფასდა, სადაც იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო მოედნებზე, ქართველი კოლეგები რუსების მომხრეები იქნებიან და არა მოწინააღმდეგეები.
სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა იგორ მოროზოვმა განაცხადა, ქართულმა მხარემ უნდა ისარგებლოს ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებული განცხადებით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ და დაიწყოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
"ვლადიმერ პუტინმა უდიდესი სიგნალი მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად თანაბარუფლებრივ საფუძველზე.
"საქართველოსა და რუსეთს შეხების ბევრი წერტილი გააჩნიათ. მზად ვართ ურთიერთობების აღსადგენად საპარლამენტო არხებით. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მოედნებზე ქართველი კოლეგები იქნებიან ჩვენი მომხრეები და არა მოწინააღმდეგეები", - განაცხადა მოროზოვმა.
მისივე თქმით, რუსეთს არაერთხელ უთქვამს ხაზგასმით, რომ არ აპირებს გავლენის მოხდენას სხვა სახელმწიფოების ნებაზე და ამ შემთხვევაში საქართველო თავად უნდა მოელაპარაკოს თავის მეზობლებს - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. "ისიც მკაფიოდ ითქვა, რომ რუსეთი საქართველოს ნებას არ მისცემს მოსახლეობის გენოციდით დაკავდეს", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.