ოფიციალური ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს ხვალ, 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას ევროკომისია 15 დეკემბერს გეგმავდა, თუმცა "ტექნიკური დეტალების დაზუსტების" მიზეზით გადაიდო.
დღეს დილით, გავლენიანი ამერიკელი გამოცემა The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ მოხსენების გამოქვეყნება ხვალისთვის იგეგმებოდა, რაც ოფიციალურად დადასტურდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.