საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, მისი რეალიზება შეყოვნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება, თბილისი კი მოსკოვის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებს გადადგამს. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ ფრაქცია "სამართლიანი რუსეთის" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ ემელიანოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"თუ პუტინმა ამაზე ისაუბრა, მაშინ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ძალიან სწრაფად მიიღონ. ამისთვის სპეციალური კანონი ან გადაწყვეტილება საჭირო არ არის. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს შეაფერხოს - საერთაშორისო სიტუაციის მკვეთრი შეცვლაა. თუ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა კვლავ გამწვავდება, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დემარშმა შესაძლოა, საქართველოს პროვოცირება მოახდინოს და მან რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა ემელიანოვმა.
მისი შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მცირე პოზიციტიური ცვლილებები შეინიშნება. ემელიანოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პოზიცია პრორუსული არ არის და კვლავ დასავლური პრიორიტეტებისკენაა მიმართული, ის იმდენად აგრესიული აღარ არის, როგორც ადრე.
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ", - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.