საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტანი საელჩოსთან კონტაქტზე უარს აცხადებს

საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტანი საელჩოსთან კონტაქტზე უარს აცხადებს

მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებს.

როგორც "პირWელს" საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, ასეთ შემთხვევაში საელჩო ვერ მოახერხებს დაკავებული კაპიტანის დახმარებას.

"ამ პიროვნებას უარი აქვს ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგვიკავშირდეს და რაიმე სახის ინფორმაცია მოგვაწოდოს. შესაბამისად ძალიან გვიჭირს ინფორმაციის მოძიება. ფრანგი სამართალდამცველები თითქმის არაფერს გვიზიარებენ, რადგან ისინი პატივს სცემენ ეჭვმიტანილის სურვილს. რამდენადაც ვიცი მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და უკვე ციხეშია გადაყვანილი", - აცხადებს ეკა სირაძე-დელონე.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პოლიციამ მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „Carib Palm“, რომელიც კოლუმბიის პორტიდან პოლონეთისკენ მიცურავდა, საპორტო ქალაქ ბულონ-სიუ-მერში დააკავა. გემიდან სამართალდამცველებმა 2,4 ტონა კოკაინი ამოიღო. გემის კაპიტანი ბათუმში მცხოვრები ბადრი ბერიძეა.

როგორც „პირWელს“ დაკავებული გემის კაპიტნის შვილმა გიორგი ბერიძემ განუცხადა, მამამისს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემზე ნარკოტიკული ნივთიერება იყო. მისი თქმით, 12 დეკემბერს ოჯახს უცნობი პირი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბადრი ბერიძე დაკავებულია.